„სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა - დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში“ - პროფესორ დავით მაზიაშვილის მონოგრაფიის წარდგენა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე.
სიუჟეტი „მოამბეში“. @GeorgianBroadcaster
11 მარტს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე დიდი წარმატებით ჩატარდა ჩვენი დასის დირექტორის, თსუ-ს პროფესორის დავით მაზიაშვილის ახალი მონოგრაფიის „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა - დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში“ წარდგენა!
აღტაცებული მსმენელითა და მაყურებლით სავსე დარბაზში ჩაიარა გამორჩეული ფორმით წარმოდგენილმა 45 წუთიანმა ღონისძიებამ - “Word as Music and Movement: Celebrating Western Literature with Georgian Contemporary Ballet”, რომელმაც გააერთიანა წიგნის ავტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილისა და მისი უახლესი ნაშრომის წარდგენა, გამომცემელსა და ავტორს შორის საუბარი და ქორეოგრაფიული წარმოდგენა.
პროფესორ დავით მაზიაშვილის მონოგრაფიაში „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა“ შესწავლილი და გააზრებულია თანამედროვე ბალეტის ქართველი ქალი ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში თანამედროვე ქორეოგრაფიით გარდასახული დიდი ლიტერატურული ტექსტები. ნაშრომში მრავალმხრივ და კომპლექსურად გამოკვლეულია დიდი ევროპელი მწერლებისა და მოაზროვნეების: ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ბოეთიუსის, დანტეს, შექსპირის, ჯეიმზ ჯოისის და ქართველი პოეტი ქალის, მარიჯანის შემოქმედების რეცეფცია-ადაპტაციის და ინტერპრეტაციის საკითხები მარიამ ალექსიძის 2016 - 2024 წლების თანამედროვე ქართულ საბალეტო და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებში.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი ღონისძიება დასრულდა დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ სპეციალურად შექმნილი ქორეოგრაფიული წარმოდგენით, რომელშიც გაერთიანებული იყო ფრაგმენტები იმ თანამედროვე ბალეტებიდან, რაც ასახულია პროფესორ დავით მაზიაშვილის მონოგრაფიაში „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა - დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში“.
წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მსახიობებმა ნინო გოგუამ, მარიამ დარჩიამ, მარიამ ქოიავამ და თინათინ ბარამიძემ. ღონისძიება განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ დასთან ერთად წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მარიამ და მარინა ალექსიძეები.
გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე პრეზენტაცია შედგა საქართველოს ეროვნული სტენდის ღონისძიებების ფარგლებში.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით.
#LondonBookFair
#WordAsMusicAndMovement
#DavidMaziashvili
#MariamAleksidze
#CezannePublishing
#LBF25