ელმადინის დაბრუნება

Опубликовано: 03 Ноябрь 2024
на канале: მეცხრე არხი ახალციხე
2,181
19

პაპის ანდერძის თანახმად ქართული უნდა ესწავლა. 30 შვილიშვილიდან დანაბარების შესრულება მხოლოდ მან ითავა. ელმადინი აზერბაიჯანში სოფელ შირინბეილში გაიზარდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რვა წლის ასაკში საქართველოდან გადასახლებულმა პაპამ მშობლიური მხარე მოინახულა და ელმადინის ქართული ისტორიაც აქედან დაიწყო. საქართველოში 2015 წელს აზერბაიჯანიდან სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოვიდა.

დეპორტირებული მესხების შთამომავალმა სწავლის გაგრძელება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4+1 პროგრამის ფარგლებში ისე დაიწყო, ქართული თითქმის არ იცოდა.

პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენაზე უმაღლესი განათლების მიღებას უწყობს ხელს. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარებით არის შესაძლებელი. ჩარიცხვის შემდგომ სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, იმდენად, რომ მომდევნო ოთხი წელი სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შეძლოს.

ელმადინ მამედოვმა იგივე ხოზრევანიძემ, ძირითად სპეციალობად ეკოტურიზმი აირჩია. ფიქრობს, რომ სამცხე-ჯავახეთში ეკოტოურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს.

ჩამოსვლისთანავე მიხვდა, რომ ქართული რთული ენაა და არც სამშობლოში დაბრუნება ხდება ემოციით, ,,ეს ხდება განათლებით და არა ბებიის მოყოლილი ამბებით“ - ამბობს ელმადინი.

მშობლიურ, მაგრამ მაინც უცხო ქვეყანაში შექმნილმა სირთულეებმა - ენის არცოდამ, ბინადრობისთვის სტატუსის მიღების მოლოდინმა და განსხვავებულმა გარემომ ვერ შეაშინა, ქართული ისწავლა და მოგვიანებით მაგისტრატურაც დაამთავრა, ამჯერად ბიზნესინფორმატიკის სპეციალობით. 26 წლის სტუდენტი ცხოვრებას ახალციხეში აპირებს.