„გლეხს შვებულება არ აქვს, საქონელს და ყანას ერთი დღითაც ვერ მიატოვებს“, - ამბობენ სოფელ ორალში. მათი ყოველდღიური საქმიანობა ძირითადად, სოფლის მეურნეობით შემოიფარგლება. ადგილობრივები გვიყვებიან, როგორია ცხოვრება სოფელში, რომელსაც „სპონსორი“ არ ჰყავს.
37 წლის რუზანა რაისიანი 19 წელია მასწავლებელია. ის სოფელ პატარა პამაჯის სკოლაში მუშაობს. სოფელ ორალს დაწყებითი განათლების სკოლა ჰქონდა, მაგრამ შენობის ავარიულობის გამო, სწავლა ონლაინ მიმდინარეობს.
„ვინ იცის რამდენი წელია უკვე,,, რომ აღადგინონ კარგი იქნება, საჭიროა. აქ ახალგაზრდები არ არიან, მხოლოდ მოხუცები და ბავშვები და ეს ბავშვებიც პატარა პამაჯის სკოლაში დადიან“, - ამბობს რუზანა.
რომელ სოფელსაც „სპონსორი“ ჰყავს, გაუმართლა. ასე ეძახიან შეძლებულ ადგილობრივებს, რომლებსაც ბიზნესი სომხეთში ან რუსეთში აქვთ და თავიანთ სოფელში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აგვარებენ. ასეთია პატარა პამაჯი, ამიტომაცაა, რომ ორალის მეზობელ სოფელში სკოლაც არის და გზაც.