„რატომ არ უნდა ჰყავდეს ახალციხეს მკლავჭიდელთა გუნდი?“ - თქვა პირველკურსელმა გაგა გელაშვილმა და მალევე შექმნა კლუბი, სადაც 35-მდე ახალგაზრდას უსასყიდლოდ ავარჯიშებს. გაგას მოსწავლეები ასპინძის, ადიგენის და ახალციხის სოფლებიდანაც დადიან და სხვადასხვა ტურნირეში გამარჯვებების შემდეგ, უკვე მაღალი კლასის ჩემპიონატებში მონაწილეობისთვისაც ემზადებიან. სანამ აქამდე მოვიდოდა, ახალგაზრდა მკლავჭიდელს რთული გზის გავლა დამოუკიდებლად, ტრენერის გარეშე მოუწია.
ახალციხის სოფელ საყუნეთში მცხოვრები გაგა გელაშვილი აბიტურიენტი იყო, როცა მეგობრებთან ერთად, ბედი მკლავჭიდში სცადა. პირველი შეხება სპორტული ორთაბრძოლების ამ სახეობასთან წარუმატებლად დასრულდა, თუმცა გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა, რომ 18 წლის გაგა მკლავჭიდით დაინტერესებულიყო.
„2016 წელი იყო, ამ წლის დავიწყება არ შემიძლია. აბიტურიენტი ვიყავი, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ჩემმა კლასელებმა, რომლებიც ყოველ წელს გადიოდნენ ახალციხელობის დღეზე მოყვარულების მკლავჭიდის ჩემპიონატზე, მეც წამიყვანეს. რა თქმა უნდა, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ საბედნიეროდ, „მოვიწამლე“ ამ სპორტით“, - გვიყვება გაგა.
აღმოაჩინა, რომ ახალციხეში არც მკლავჭიდის გუნდი არსებობდა და არც მწვრთნელი, ამიტომ ვარჯიში დამოუკიდებლად დაიწყო. ტრენაჟორები კუსტარულად, სახლში მოაწყო და ინტერნეტში ვიდეოგაკვეთილები მოიძია. რადგან ამ სპორტით საინტერესებული ადამიანი ვერ ნახა, შეჯიბრება და ვარჯიში წარმოსახვით მეტოქესთან უწევდა. როცა მკლავჭიდის ტექნიკაში გაერკვა და სხეულიც საკმარისად გაავარჯიშა, სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა დაიწყო. ჩემპიონატები ეხმარებოდა, რომ შეცდომები აღმოეჩინა და სახლში დაბრუნებულს მასზე მუშაობა გაეგრძელებინა.
“იუთუბ გაკვეთილებით ვვარჯიშობდი. თბილისში ჩავდიოდი, მაგრამ სამწუხაროდ პატრონი თუ არ გყავს, ყურადღებას არავინ გაქცევს. მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემით მესწავლა ყველაფერი, ასე მივაღწიე ყველაფერს. მე, რომელსაც ტრენერი არ მყავდა, საერთაშორისო შეჯიბრებები მოვიგე, უკვე დავინახე წინ რა იქნებოდა“.